ჩემი სამაგისტრო პროგრამა

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, უპირველესად, საგადასახადო სამართლის სპეციალიზაციის კურსმა გადამაწყვეტინა. ხატოვნად თუ ვიტყვით, სამართლის ეს დარგი ქართველი იურისტებისათვის ყოველთვის წარმოდგებოდა ერთგვარი „გერის“ როლში, რის გამოც ამ სფეროთი მეტწილად არაიურისტები ინტერესდებოდნენ ხოლმე. ახლად შექმნილი სამაგისტრო პროგრამის ავტორები სწორედ ამ სტერეოტიპს დაუპირისპირდნენ და, უკვე შემიძლია ვთქვა, საკმაოდ წარმატებულადაც.

იდეის განხორციელება, მით უმეტეს როდესაც ეს იდეა სერიოზული მიზნების გამომხატველია, რასაკვირველია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სტუდენტს (განსაკუთრებით მაგისტრანტს) უნდა შესთავაზო ისეთი პროდუქტი, რომელიც მას პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამოადგება და აკადემიურ დონესაც აუმაღლებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა იმითაცაა გამორჩეული, რომ სწავლების ხარისხი აქ მუდმივად ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მაღალი აკადემიური დონე კი მაღალ კონკურენტუნარიანობასაც განაპირობებს.

მგონი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ 21 საუკუნე – ეს კონკურენციის საუკუნეა. კონკურენციამ შეაღწია ადამიანის არსებობის თითქმის ყველა სფეროში და, მათ შორის, განათლებაშიც. იმარჯვებს ის, ვინც უკეთაა აღჭურვილი სათანადო ცოდნითა და უნარებით, რათა თანამედროვეობის გამოწვევებს გაუძლოს და უპასუხოს; ხარისხიან პროდუქტს, როგორც წესი, ქმნის ის, ვისაც ხარისხიანი განათლება აქვს მიღებული. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, როდესაც დადგა საკითხი იმის თაობაზე, თუ რომელ ქართულ სამაგისტრო პროგრამაზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი, უპირატესობა უპირობოდ ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამას მივანიჭე.

შეცვლილი გარემო, სწავლების განსხვავებული მეთოდები, ახალი აკადემიური პერსონალი – ჩემთვის, როგორც სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისათვის, ყოველივე ეს საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა (რაც, ვფიქრობ, ბუნებრივია, ვინაიდან გარემოს შეცვლა ყოველთვისაა დაკავშირებული სიახლეებთან, ახალ მიდგომებთან და ზოგჯერ გამოწვევებთანაც). მეორე მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე, მეტად მნიშვნელოვანი იყო თავად პროგრამის შინაარსიც, საგადასახადო სამართლის განხრით ცოდნის გაღრმავების რეალური შანსი, რომელიც მეძლეოდა სამაგისტრო პროგრამის არჩევის შემთხვევაში. პროგრამის მიმზიდველობას განაპირობებდა ის ფაქტიც, რომ იგი მოიცავდა სამართლის ამ დარგის გაცნობისათვის აუცილებელ, ისეთ არაიურიდიულ საგნებს, როგორებიცაა ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება და სხვ.

თუმცაღა, საგადასახადო სამართლის კონცენტრაციის საგნებით სულაც არ ამოიწურება ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მოდული. გარდა იმ ფაქტისა, რომ მაგისტრანტებს აქვთ საშუალება აირჩიონ, ალტერნატიულად, კონცენტრაცია საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებითაც, პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს არაერთ პრაქტიკულ კურსს კომერციულ სამართალში.

პროფესიონალი ლექტორების დახმარებით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ
გაიღრმაონ ბაკალავრიატის ეტაპზე მიღებული ცოდნა (მაგ., სახელშეკრულებო სამართალში, სამეწარმეო სამართალში და ა.შ.) და ასევე გაეცნონ მათთვის შედარებით უცნობ დისციპლინებსაც (მაგ., სამშენებლო სამართალი). საბოლოო ჯამში, შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული პროგრამა მაგისტრანტებს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს – და ეს პროდუქტი პრაქტიკულ უნარებთან შერწყმული აკადემიური განათლებაა. ყველა დისციპლინა, რომლებიც პროგრამითაა გათვალისწინებული, სწორედ პრაქტიკული დანიშნულების კრიტერიუმითაა შეფასებული და შემოთავაზებული.

„ცოდნა, შრომა, თავისუფლება“ – სწორედ ამ სიტყვებს ამოიკითხავთ თავისუფალი უნივერსიტეტის კედლებზე, მთავარი შესასვლელის წინ. მაგრამ, ეს სიტყვები არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს ან ერთ ადამიანს – ისინი ყველას კუთვნილებაა, ვისაც შეუძლია და სურს, შრომით მოიპოვოს ცოდნა და გახდეს თავისუფალი. ვიმედოვნებ (და ვისურვებ), რომ ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მომავალი მაგისტრები მართლაც შეძლებენ (შევძლებთ) ამ ფორმულის საკუთარ ცხოვრებაში წარმატებით რეალიზებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s